Workshop, December 2014 (Georgian version)

სემინარი, დეკემბერი, 2014 (English Version)
ბერძნული და ლათინური ღია მონაცემების ეპოქაში
1–4 დეკემბერი, 2014
ღია ფილოლოგიის პროექტი

განაცხადების მიღება სემინარში მონაწილეობის მისაღებად

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 ოქტომბერი, 2014

განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ენებზე: ხორვატიული, ქართული, გერმანული, ბერძნული, იტალიური, პორტუგალიური, რუსული, ფრანგული, ჩინური.

ლაიფციგის უნივერსიტეტის “ღია ფილოლოგიის პროექტი” უმასპინძლებს სემინარს შემდეგ თემაზე: “ბერძნული და ლათინური ღია მონაცემების ეპოქაში”. სემინარის მიზანია დისკუსიის წამოწყება, თუ როგორი საკვანძო როლის შესრულება შეუძლია ბერძნულს და ლათინურს კაცობრიობის ინტელექტუალურ ცხოვრებაში, როგორც ტრადიციული დასავლური ინტელექტუალური ქსელების ფარგლებში, ისე მათ მიღმაც. ბერძნულის და ლათინურის სწავლებას ახლა რომ იწყებდეთ, როგორ ასწავლიდით? მოხსენება სასურველია ასახავდეს როგორც თეორიულ ხედვას, ისე პრაქტიკულ ნაბიჯებს უკვე არსებული გამოცდილების საფუძველზე.
სემინარის ენა იქნება ინგლისური. მასზე შევაჩერეთ არჩევანი პრაგმატული მოსაზრებით, რომ გაგვემარტივებინა კომუნიკაცია სხვადასხვაენოვანი საზოგადოებებისთვის. ყველა მოხსენება იქნება ინგლისურად, თუმცა დაეფუძნება სხვადასხვაენოვან წყაროებს. განსაკუთრებით მივესალმებით მოხსენებებს, რომლებიც გაგვაცნობს სიძველეთმცოდნეობის განვითარებას სხვადასხვა და არა მხოლოდ სიძველეთმცოდნეობის “ტრადიციულ” ენებზე. ვიწვევთ სხვადასხვა ქვეყნებისა და ენების წარმომადგენლებს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სინქრონული თარგმანით უზრუნველყოფა.

განაცხადი (არა უმეტეს 1000 სიტყვისა) 1 ოქტომბრამდე უნდა გაკეთდეს ელექტრონულად. მოხსენებას შესაძლებელია ჰქონდეს შემაჯამებელი ხასიათი და შეძლებისდაგვარად უნდა წარმოგვიდგენდეს უკვე არსებულ გამოცდილებას. ველით განაცხადს ბერძნული და ლათინური ენების შემსწავლელი ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისგან, როგორც დამწყებთაგან, ისე უკვე გამოცდილი აკადემიური პერსონალისგან, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტებისგან, კურატორებისგან და სხვათაგან, რომლებიც დაინტერესებული არიან კლასიკური ენების სწავლების შემდგომი განვითარებით. მოწონებული მოხსენებები აიტვირთება ლაიფციგის ციფრული ჰუმანიტარიის ვებ–გვერდზე 1 ნოემბერს. ყველა ავტორს ექნება საშუალება, რომ საზოგადოების მხრიდან უკუკავშირის გათვალისწინებით, ცვლილებები შეიტანოს თავის მოხსენებაში სემინარის წინ, მისი მსვლელობის დროს და მისი დასრულების შემდეგ.
გარკვეული ფინანსური სახსრები შეიძლება მოძიებულ იქნას განსაკუთრებით საინტერესო მოხსენებების ავტორებისთვის, რათა მათ პირადად შეძლონ ლაიფციგის სემინარში მონაწილეობის მიღება.
სემინარის თემატიკა მოიცავს, თუმცა არ არის შეზღუდული შემდეგი საკითხებით:

• რა შეიძლება იყოს ბერძნულისა და ლათინურის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი კაცობრიობის ინტელექტუალურ განვითარებაში?

• რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დავდგებით, თუ ჩვენს პუბლიკაციებსა და კვლევის მონაცემებს ღიას გავხდით? კერძოდ, პუბლიკაციის რომელ ახალ ფორმებს უნდა დავუჭიროთ მხარი?

• რა არის ღიაობის საზღვრები? ამა თუ მეცნიერის მიერ გამოთქმული მოსაზრების არსი უნდა შენარჩუნდეს პირვანდელი სახით, ხოლო კომენტარები შესაძლებელია (და სასურველია) სხვადასხვა მკვლევართა თანამშრომლობით გაკეთდეს (ისე, რომ თითოეულ მათგანს შეეძლოს თავისი თვალსაზრისის იდენტიფიკაცია). ლიტერატურული ტექსტის თარგმანიც შეიძლება ერთი კონკრეტული „პოეტური ხმის“ გამომხატველი იყოს, მაგრამ სხვადასხვა მთარგმნელთა თანამშრომლობით შექმნილი თარგმანი ახალი მეთოდია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბერძნულიდან და ლათინურიდან თანამედროვე ენებზე თარგმნის მზარდი ტემპის გათვალისწინებით.

• რომელი ნაწარმოები გვეხმარება ბერძნულისა და ლათინურის სწავლებაში და როგორ უნდა განვავითაროთ ეს პროცესი? აკადემიური პერსონალის დრო ყველაზე მოცულობითი და სტაბილური რესურსია. როგორ უნდა დაუთმონ ლექტორებმა უფრო მეტი დრო და ენერგია ბერძნულისა და ლათინურის სწავლების შემდგომ სრულყოფას?

• როგორ გავხადოთ ბერძნულ–რომაული კულტურა უფრო ხელმისაწვდომი გლობალური აუდიტორიისთვის? ენისა და კულტურის რა ბარიერები უნდა გადავლახოთ, რომ დავეხმაროთ ბერძნულისა და ლათინურის შემსწავლელ სტუდენტებს არა მხოლოდ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ტრადიციულ დასავლურ სამყაროში, არამედ მათ ფარგლებს გარეთაც?

• როგორ ავუბათ მხარი სამეცნიერო კვლევების თანამედროვე ტემპს კორპუს ლინგვისტიკის მეთოდების გამოყენებით, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ყველაზე უკეთ შესწავლილი ტექსტებიც კი ახლებურად ვიკვლიოთ. კომპიუტერული ლინგვისტიკის მეთოდების საშუალებით ვსვამთ კითხვებს და ვპოულობთ პასუხებს იმ ტექსტებთან დაკავშირებით, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა და მილიარდობით სიტყვას მოიცავს.

• სხვადასხვა ღია ლიცენზიით უკვე ხელმისაწვდომია მილიარდობით ბერძნული და ლათინური სიტყვა, ათასობით ხელნაწერის, წარწერის, პაპირუსის მაღალი რეზოლუციის ფოტოები. რა შესაძლებლობებს სთავაზობს ეს ყველაფერი „მოქალაქე მეცნიერს“ ბერძნულისა და ლათინურის სწავლის პროცესში? ერთი მუჭა მეცნიერები და საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტები როგორ ჩავაბათ „მოქალაქე მეცნიერთა“ სამსახურში?

• ბერძნულისა და ლათინურის სწავლებისთვის რა ახალ მეთოდებს გვთავაზობს ანოტირებული კორპუსები, კომპიუტერული თამაშების პრინციპით აგებული „დინამიური უკუკავშირი“, კოგნიტური მეცნიერებების აღმოჩენები მეხსიერებასა და ენებთან დაკავშირებით?

• რა როლს უნდა ასრულებდეს ბერძნული და ლათინური დაწყებით და საშუალო სკოლაში? რას უნდა მოიცავდეს კლასიკური ფილოლოგიისა და კლასიკური სიძველეთმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები? რა უნარები უნდა განვუვითაროთ მომავალ მასწავლებლებსა და მკვლევარებს?

• როგორ უნდა განვავითაროთ პუბლიკაციები და ინფრასტრუქტურა ბერძნულისა და ლათინურისთვის ღია დაშვების, ღია კოდისა და ღია მონაცემების ეპოქაში? რა სახის საგამომცემლო ინფრასტრუქტურა გვჭირდება? როგორია ბიბლიოთეკების როლი ნაშრომებისა და სამეცნიერო ბაზების გამოცემის პროცესში? რა არის მკვლევარებისთვის ნაშრომების გამოქვეყნების საუკეთესო გზა? გვჭირდება პროფესიული მომსახურება, რომელიც უფრო პრინტერს ემსგავსება, ვიდრე გამომცემელს? მაგალითად, რა უფრო გვჭირდება: ორგანიზაცია, რომელიც სამეცნიერო ნაშრომს რაც შეიძლება ხელმისაწვდომს გახდის ნორმალიზებულ და მდგრად ფორმატში, თუ ორგანიზაცია, რომელიც სამეცნიერო კვლევის შედეგებს აკონტროლებს?

• როგორ უნდა გადავარჩინოთ ბერძნულისა და ლათინურის სწავლების პროცესი? შეიძლება სხვათა წარმატებებითა და გამოწვევებით ვისწავლოთ? მაგალითად, ევროპის ქვეყნებში ბერძნულის და ლათინურის სწავლებასთან დაკავშირებულ თანამდებობებზე (როგორიცაა დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლები, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტები, უნივერსიტეტის პროფესორები, კურატორები და სხვ.) კონკურსი თითქმის ყოველთვის ცხადდება მას შემდეგ, რაც თანამშრომლები პენსიაზე გადიან ან თანამდებობას ტოვებენ. აშშ–ში კი საპირისპირო პროცესს ვხედავთ. ამერიკის ფილოლოგიური ასოციაციის წევრებმა უარი თქვეს ტერმინზე “ფილოლოგია” და თავიანთ ორგანიზაციას დაარქვეს კლასიკური კვლევების (სიძველეთმცოდნეობის) საზოგადოება. ეს არის რეალობის ამსახველი ცვლილება. კლასიკური ფილოლოგიისა და სიძველეთმცოდნეობის მიმართულებებზე ბერძნული და ლათინური ტექსტები გაცილებით უფრო ხშირად ისწავლება ინგლისურად, ვიდრე ორიგინალის ენაზე. სწორედ ამ დროს ბერძნულისა და უფრო მეტად ლათინურის შემსწავლელი 500 000 სტუდენტი საფრანგეთში, 800 000 სტუდენტი გერმანიაში და 2 000 000 სტუდენტი იტალიაში მზადდება მომავალ მასწავლებლად. რა უნდა ისწავლოს აშშ–ის კლასიკურმა ფილოლოგიამ ევროპისგან? დაბოლოს, რამდენად ეხმარება ინგლისურად ნასწავლი ტექსტები ბერძნულ–რომაული კულტურის სწავლებას?

სემინარის ფარგლებში – 2014 წლის 1–4 დეკემბერს, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით – გაიმართება ვიდეო–კონფერენცია, დისკუსიები, პირისპირ ფორმალური შეხვედრები და არაფორმალური საუბრები (17.00–20.00 ცენტრალური ევროპის დრო, 12.00–15.00 ბრაზილიის აღმოსავლეთ სანაპიროს დრო, 11.00–14.00 აშშ აღმოსავლეთ სანაპიროს დრო, 08.00–11.00 აშშ დასავლეთ სანაპიროს დრო).

სემინარის საორგანიზაციო კომიტეტი (English version)